თავში

ავღანეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ავღანეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ავღანეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ავღანეთი ხვალ რიგით მე-4 პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნები თალიბანის გამაფრთხილებელი მოწოდების ფონზე იმართება. თალიბანმა, ავღანეთის 9,6 მილიონიან ამომრჩეველს, სახლში დარჩენისა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მთავრობის მეთაური აბდულა აბდულა, არჩევნების მთავარი პრეტენდენტები არიან. საარჩევნო სიაში სულ 18 კანდიდატია წარმოდგენილი, თუმცა უმეტესობა მათგანს საარჩევნო კამპანია არც უწარმოებია. ცოტა ხნის წინ, თალიბანთან აშშ-ს მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო, ბევრი მათგანი დარწმუნებული არ იყო, რომ 28 სექტემბერს არჩევნები ჩატარდებოდა. რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა ღანის სასრგებლოდ მოხსნა.

აშრაფ ღანი არჩევნების ლიდერია, თუმცა მას კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. აბდულა აბდულა - ღანის პარტნიორი მთავრობაში და მისი მთავარი მოწინააღმდეგეა.

არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 51%-ის მოპოვება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება. საარჩევნო უბნები ხვალ დილის 7 საათზე გაიხსნება და დღის 4 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები 17 ოქტომბრისთვის, თითქმის 3 კვირის შემდეგ, გახდება ცნობილი. საბოლოო შედეგები და შესაბამისად, ახალი პრეზიდენტის ვინაობა კი, 7 ნოემბერს დასახელდება.

საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტური, არჩევნებიდან 2 კვირაში უნდა დაინიშნოს. თუმცა, ეს გარკვეულ მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ავღანეთში ეშინიათ 2014 წლის მოვლენების გამეორების, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს ქაოსი და ძალადობა მოჰყვა.

2001 წელს, ავღანეთის ხელისუფლებიდან თალიბების განდევნის შემდეგ, ქვეყანა 18 წლიანი უწყვეტი ომის პირობებში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system