თავში

ავსტრალიაში ხანძრის ახალი კერები ჩნდება

​ავსტრალიაში ხანძრის ახალი კერები ჩნდება
ავსტრალიაში ხანძრის ახალი კერები ჩნდება

ავსტრალია ტყის ხანძრებს ებრძვის. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსახლეობა თავს თავშესაფრებს აფარებს, რადგან ცეცხლი ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ცეცხლის ახალი კერები 5-მილიონიანი სიდნეის მახლობლად გაჩნდა, სადაც ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევს. ჯანდაცვის ორგანიზაციამ გულით დაავადებულ მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან ძლიერი დაკვამლიანების გამო, გარეთ გასვლა მათთვის უსაფრთხო არ არის. მთელი შტატის მასშტაბით 600 სკოლა და კოლეჯი დაიკეტა. ახალ უელსში 6 სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა.

ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოსახლე ევაკუირებულია. ორივე შტატის ტერიტორიაზე ხანძრის 120 კერა ფიქსირდება. ახალი სამხრეთ უელსის შტატში დაიწვა 970 ათასი ჰექტარი მიწა, განადგურდა 150 სახლი.

ახალი უელსისა და ქვინსლენდის შტატებში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მეხანძრეები ფართო უფლებამოსილებით სარგებლობენ, რაც სახელმწიფო რესურსების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებების დახურვას, გზების გადაკეტვასა და მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას გულისხმობს.

ხანძრების გამო ავსტრალიაში გაუქმდა რალის სეზონის დახურვაც, სადაც Hyundai და Toyota უნდა დაპირისპირებოდა ერთმანეთს.

ხანძრებმა ავსტრალიაში, კლიმატის ცვლილებების თემაზე, პოლიტიკური დაპირისპირებაც გაამწვავა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ხანძრების სეზონის გახანგრძლივებას ავსტრალიაში სწორედ კლიმატის ცვლილებები იწვევს. ქვეყნის კონსერვატული ხელისუფლება ქვანახშირის მრეწველობის განვითარების მომხრეა, რის გამოც მას გარემოს დამცველები მკაცრად აკრიტიკებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system