თავში

ავსტრალიაში სოციალური დისტანცირების გამო კორონავირუსის გავრცელება შენელდა

ავსტრალიაში სოციალური დისტანცირების გამო კორონავირუსის გავრცელება შენე
ავსტრალიაში სოციალური დისტანცირების გამო კორონავირუსის გავრცელება შენელდა

ავსტრალიაში ახალი კოროვირუსების გავრცელების ტემპი საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ სოციალური დისტანცირებისთვის საჭირო ზომები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, COVID-19-ის შემთხვევები ყოველდღიურად დაახლოებით 13-15 პროცენტით იზრდება, მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 25-30%-ით იმატებდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება სოციალური დისტანცირებით არის განპირობებული. თუმცა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ინფექცია გავრცელებას კვლავ განაგრძობს, რის გამოც სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეაგირებაა საჭირო.

ავსტრალიის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად და სამედიცინო სერვისების გასაუმჯობესებლად დამატებით კიდევ 1,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარი (680 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ავსტრალიაში COVID-19-ით 3 809 პირია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 16-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული პაციენტების ორ მესამედს შეხება ჰქონდა საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებთან.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ახალ სამხრეთ უელსსა (NSW) და ვიქტორიის შტატში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 25,5 მილიონს აღემატება.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორ პირზე მეტის შეკრება იკრძალება. ამასთან, მოსახლეობას მოუწოდა სახლიდან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ. ხოლო 70 წელს გადაცილებულ პირებს ეპიდემიისგან თავდასაცავად თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system