თავში

აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის იუბილეს აღნიშნავენ

აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის იუბილეს აღნიშნავენ
აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის იუბილეს აღნიშნავენ

დღეს, 10 მაისს აზერბაიჯანში ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა საპატიო ხეივანში ჰეიდარ ალიევის საფლავს მოინახულებენ და ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ჰეიდარ  ალიევი 1923 წლის 10 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში დაიბადა. 1941 წლიდან ჰეიდარ ალიევი მუშაობდა ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განყოფილების ხელმძღვანელად. 

1969 წელს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჰეიდარ ალიევი  აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დასახელდა. 1982 წლის დეკემბერში იგი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს. მოგვიანებით იგი სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მდივანი გახდა. ოცი წლის განმავლობაში ჰეიდარ ალიევი სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ხუთი წლის განმავლობაში იგი სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1987 წლის ოქტომბერში ჰეიდარ ალიევმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს და პირადად გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. 

საბჭოთა ჯარების მიერ 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მოწყობილ სისხლიან ტრაგედიასთან დაკავშირებით, მოსკოვში, აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში, განცხადებით გამოსულმა ჰეიდარ ალიევმა მოითხოვა აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯა. 1991 წლის ივლისში მთიან ყარაბაღში მომხდარ მწვავე კონფლიქტთან დაკავშირებით მან სსრკ-ს ხელმძღვანელობის ორპიროვნული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგები მიატოვა. 

1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ის აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. ხოლო, 1991–1993 წლებში ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 

როდესაც 1993 წელს სახელმწიფო კრიზისის უკიდურესად გამწვავების შედეგად ქვეყანაში სამოქალაქო ომისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა, აზერბაიჯანელი ხალხი ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების სათავეში მოსვლის მოთხოვნით გამოვიდა. 

1993 და 1998 წლებში იგი ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად.

2003 წლის 12 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი,  ჰეიდარ ალიევი აშშ-ში, კლივლენდის კლინიკაში გარდაიცვალა.

ჰეიდარ ალიევს ოთხჯერ დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, ასევე მას მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორდენი, მრავალი მედლით, ორჯერ მიღებული აქვს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მას ასევე მიენიჭა უკრაინის უმაღლესი ჯილდო - იაროსლავ ბრძენის ორდენი. ასევე, თურქეთის უმაღლესი ჯილდო - ათათურქის პრემია მშვიდობისათვის.

აზერბაიჯანის ისტორიული ბედი, რომელიც 30 წელზე უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, უწყვეტად არის დაკავშირებული ჰეიდარ ალიევის სახელთან. ამ წლების განმავლობაში, ხალხის აღორძინება საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ჰეიდარ ალიევის სახელთან. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰეიდარ ალიევის წვლილი საქართველოს ისტორიაში. ჰეიდარ ალიევმა საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის, არამედ მთელი ამიერკავკასიის თანამედროვეობას. ის ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენის სახელით არის ცნობილი, სწორედ ჰეიდარ ალიევის დამსახურებით შეიქმნა.

ფოტო: ჰეიდარ ალიევის ბიუსტი თბილისში.

ფოტო: ჰეიდარ ალიევის ძეგლი რუსთავში.

ფოტო: ჰეიდარ ალიევი მეუღლესთან, ზარიფა ალიევასთან ერთად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system