
ბელგიის წამყვანი ვირუსოლოგი მარკ ვან რანსტი ულტრამემარჯვენე ანტივაქსერის, ყოფილი სამხედროს სამიზნე გახდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო პროფესორი ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
მარკ ვან რანსტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა ბელგიაში.
BBC-ის ცნობით, უსაფრთხო საცხოვრებელში, პროფესორის და მისი 12 წლის შვილის უსაფრთხოებაზე სპეციალური სამსახურები ზრუნავენ.
ვირუსოლოგი ულტრამემარჯვენე ყოფილი ჯარისკაცის, იურგენ კონინგის სამიზნეა. ყოფილ სახმედროს ინფექციონისტების და ვირუსოლოგების წინააღმდეგ ვენდეტა აქვს გამოცხადებული. სარაკეტო დანადგარითა და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ტერორისტი გაქცეულია და პოლიცია მის პოვნას ვერ ახერხებს.
მნიშვნელოვანი საფრთხის მიუხედავად, პროფესორი მარკ ვან რანსტი კორონავირუსის საკითხებზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ამბობს, რომ მის ოჯახს არ ეშინია.
ბელგიის ხელისუფლებას სნაიპერი ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა აღიარებენ, რომ არ იციან, სად არის იურგენ კონინგი. მაღალჩინოსანთა თქმით, შესაძლოა, კონინგი სხვა ქვეყანასაც აფარებდეს თავს.