თავში

BioNTech და Pfizer კორონავირუსის ახალ შტამს სწავლობენ

​BioNTech და Pfizer კორონავირუსის ახალ შტამს სწავლობენ
BioNTech და Pfizer კორონავირუსის ახალ შტამს სწავლობენ

გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, რომელმაც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა, განაცხადა, რომ ექსპერტები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ახალ შტამს სწავლობენ და მეტი მონაცემი ორ კვირაშია მოსალოდნელი. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

”ჩვენ ველით უფრო მეტ ლაბორატორიულ მონაცემებს არაუგვიანეს ორ კვირის ვადისა”, - განაცხადა BioNTech-ის წარმომადგენელმა.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაცემები დაეხმარება მათ იმის გარკვევაში, შესაძლოა თუ არა კორონავირუსის B.1.1.529-ის ვარიანტმა "მოითხოვოს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კორექტირება" იმ შემთხვევაში, თუ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) 26 ნოემბერს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 260 311 551 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 571 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 40 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 199 480 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 235,287,150 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (48 999 737), ინდოეთი (34 555 431) და ბრაზილია (22 055 608).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system