თავში

ჩინეთში მასობრივ დეზინფექციას ატარებენ

ჩინეთში მასობრივ დეზინფექციას ატარებენ
ჩინეთში მასობრივ დეზინფექციას ატარებენ

ჩინეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი დეზინსექცია მომდინარეობს. აეროპორტებში ქალაქ ვუჰანიდან ჩამოსულ მგზავრებს სპეციალური სკანერებით ამოწმებდნენ. დამატებით შემოწმებას ისინი უშუალოდ თვითმფრინავის ბორტზეც გადიან. მოსახლეობის უმეტესობა ნიღბებით დადის. კონტროლი გამკაცრებულია აეროპორტებში, სადგურებსა და საბორნე ტერმინალებში.

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ პეკინში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.

მისი თქმით, მედიცინის მუშაკების დაავადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ამავდროულად აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკა და კონტროლი სათანადოდ ეფექტური არ არის. 

უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სეულში საკარანტინო ბრიგადა შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების დაფიქსირებისას სწრაფ რეაგირებას განახორციელებს.

ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ჩდრილოეთ კორეამ საზღვრები ჩაკეტა და უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შესვლა აუკძალა.

კონტროლი გამკაცრებულია იაპონიაშიც, სადაც ჩინეთიდან უამრავი ტურისტი ჩადის. მგზავრებს აეროპორტებში სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიის ხელისუფლებამ რომის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში გაჩენილი ვირუსის ევროკავშირში მოხვედრის შანსი მაღალი არ არის, თუმცა საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. რომის აეროპორტში ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან სამი პირდაპირი რეისი სრულდება. 

ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში კი სპეციალური გასასვლელი გაკეთდება, რომლითაც ის მგზავრები ისარგებლებენ, ვინც ბრიტანეთში ისეთი ქვეყნებიდან ჩადიან, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

ჩინეთიდან ჩაფრენილი ყველა მგზავრის შემოწმება სინგაპურშიც დაიწყეს.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ბრძანებით, ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების მდგომარეობას ქვეყნის შვიდ აეროპორტში შეამოწმებენ.

სპეციალური თერმული კამერები თურქეთმაც მოამზადა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს. ექიმებმა ასევე დაადასტურეს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა.

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის პნევმონიით, 2019-nCoV-ით, უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაინფიცირების 440 შემთხვევა გამოვლენილი.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 31 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა ახალი, უცნობი ტიპის ვირუსის შესახებ. დაუდგენელი ტიპის პნევმონია ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system