
ესპანეთისა და იტალიის მაცხოვრებლები ექიმებს, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ, მადლობას საკუთარი სახლებიდან ტაშითა და შეძახილებით უხდიან.
იტალია კორონავირუსის გავრცელებით ევროპაში პირველი ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 21 157-ს შეადგენს, ხოლო პანდემიამ უკვე იმსხვერპლა 1 441 ადამიანის სიცოცხლე. ჯანდაცვის პერსონალისა და ექიმების თავდაუდებელი შრომის შედეგად, 1 966 პაციენტი განიკურნა და სახლში დაბრუნდა, ხოლო 17 750 ამ დრომდე მკურნალობს.
რაც შეეხება ესპანეთს, იტალიასთან შედარებით მსუბუქი ვითარებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ ვირუსი გაცილებით გვიან გავრცელდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ესპანეთში კორონავირუსით 6 391 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 196 გარდაცვლილი. კორონავირუსისგან განიკურნა 517 პაციენტი, ხოლო 5 678 ამ დრომდე მკურნალობას გადის.
ესპანეთსა და იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობა თვითიზოლაციაში იმყოფება და შეზღუდულია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით გადაადგილება.
მოსახლეობა კარანტინის გამო ქუჩებში ვერ გამოდის, ამის გამო, ისინი გაწული შრომისა და თავდადებისათვის ექიმებს მადლობას საკუთარი სახლის აივნებიდან და ფანჯრებიდან, ტაშით უხდიან.