თავში

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს

ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ევროკავშირი არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას მოკლე პერიოდში სანქციებს დაუწესებს , - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს და მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.

„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს და ჩვენ არ მივიღებთ დაუსჯელობას. 9 აგვისტოს გამართული არჩევნები არ არის, არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ შედეგებს, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ წარმოადგინა. ბელარუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს. ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და მოველით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას. ნებისმიერი ძალადობა თავიდან უნდა იქნას არიდებული, მათ შორის ნებისმიერი სახის რეპრესია და ძალადობა მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ეროვნულ დონეზე დიალოგში ჩართვას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავარი ელემენტებია. ბელარუსში მიმდინარე პროტესტი არ უკავშირდება გეოპოლიტიკას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეროვნული კრიზისი. ეს ეხება ხალხის უფლებებს თავისუფლად აირჩიონ ხელმძღვანელობა.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსი ხალხის უფლებას განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ევროკავშირი მოკლე პერიოდში გამოსცემს სანქციებს არაერთი პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე. ჩვენ ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გზა მოძებნოს.

კვლავაც ახლოდან დავაკვირდებით პროცესებს და მზად ვიქნებით წვლილი შევიტანოთ ძალისხმევაში, რათა მშვიდობიანად დასრულდეს კრიზისი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ბელარუსში დიალოგთან დაკავშირებით ეუთო-ს წინადადებას და მზად არის დამატებითი დახმარებისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system