თავში

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის თანამდებობის პირებს ახალი სანქციები დაუწესა. მიზეზი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაციაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო DPA ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტი უკვე მიღებულია და ის ევროკავშირის "ოფიციალურ ჟურნალში" გამოქვეყნდა.

მითითებულია, რომ შეზღუდვები პირველად იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის ალიანსის სანქციების ახალი გლობალური რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის ბოლოს და ჯერ არ ყოფილა გამოყენებული.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ”რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის უწყვეტობისა და სერიოზულობის გათვალისწინებით, ოთხი ადამიანი უნდა მოხვდეს იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა, ორგანიზაციების თუ ორგანოების სიაში, რომელთა მიმართ შეზღუდვები იქნება გამოყენებული”.

კერძოდ, რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, ეროვნული გვარდიის უფროს ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორ ალექსანდრ კალაშნიკოვს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.

ნავალნისთან დაკავშირებით სანქციები რუსეთს აშშ-მაც დაუწესა. ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სიაში რუსეთის ხელისუფლების 7 მაღალჩინოსანი მოხვდა და 14 ორგანიზაცია, რომელთაგან 10 რუსეთში მდებარეობს, სამი - გერმანიაში, ერთი - შვეიცარიაში. მათ საექსპორტო და სავიზო შეზღუდვები უწესდება.

"ყველა ეს მხარე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ელემენტების წარმოების სხვადასხვა ასპექტშია ჩართული", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system