თავში

ევროკავშირმა და AstraZeneca-მ შეთანხმებას მიაღწიეს

​ევროკავშირმა და AstraZeneca-მ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და AstraZeneca-მ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რამდენიმედღიანი დაძაბულობისა და ურთიერთკრიტიკის შემდეგ, ევროგაერთიანებისთვის ვაქცინის 9 მილიონი დამატებითი დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ვაქცინის მიწოდება დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე მოხდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თუმცა, ეს იმ რაოდენობის მხოლოდ ნახევარია, რისი მოლოდინიც ევროკავშირს ჰქონდა.

მიმდინარე კვირაში ვაქცინების მოწოდების საკითხი ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და კომაპნია AstraZeneca-ს შორი დაპირისპირებისა და ურთიერთკრიტიკის საგანი გახდა.

ევროკავშირი იმ მექანიზმის გამო გააკრიტიკეს, რომლითაც ის ბრიტანეთს დაემუქრა. ბრიუსელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ირლანდიას შორის მყარი საზღვრის ამოქმედებით დაიმუქრა, რაც ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების დიდ ბრიტანეთში ექსპორტს ხელს შეუშლიდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ირლანდიას შორის საზღვარი იყო სწორედ ის მთავარი წინააღმდეგობა, რის გამოც ბრექსითის შეთანხმების მიღწევა გაიწელა. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ დუბლინსა და ბელფასტს შორის მყარი საზღვარი არ იარსებებდა, შეთანხმება შედგა.

ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების პრობლემის გამო, ევროკავშირმა 29 იანვარს დროებით, მარტის ბოლომდე, ევროკავშირს გარეთ ვაქცინების ექსპორტზე კონტროლი დააწესა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მთავრობებს საშუალებას აძლევს, უარი განაცხადონ ექსპორტის განხორციელებაზე, თუკი ჩათვლიან, რომ მოცემულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ვერ შეასრულა მიწოდების შესახებ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულება.

მას შემდეგ, რაც AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ მარტის ბოლომდე ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს ვაქცინის შეთანხმებული რაოდენობის დოზების მიწოდებაზე, ბრიუსელმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის დანაკლისი კომპანიას ბრიტანეთის პლატფორმაზე წარმოებული პრეპარატით შეევსოთ.

ევროკავშირი აცხადებდა, რომ ფარმაცევტული კომპანია ვალდებული იყო ეს კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტის შესაბამისად გაეკეთებინა. AstraZeneca-ს გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია ევროკავშირის მოთხოვნას დანაკლისის შევსების თაობაზე ვერ შეასრულებდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა შეკვეთა გაცილებით ადრე და სწრაფად გააფორმა, ვიდრე ევროკავშირმა. ევროკავშირთან მოგვიანებით გაფორმებული კონტრაქტი კი ეფუძნებოდა მხოლოდ "მაქსიმალური ძალისხმევის" პირობას, რომელიც ამ ეტაპზე ვერ სრულდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system