თავში

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის და ევროკომისიის ერთობლივი დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც ბლოკის რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაა ასახული. ის სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: მოგერიება, შეკავება და ურთიერთქმედება.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალსა და ეუთო-სა და ევროსაბჭოს საკვანძო პრინციპებს ძირს უთხრის, რომელთა შესრულების პირობაც დადებული ჰქონდა. ის ცდილობს, გავლენა, ჩარევა და დესტაბილიზაცია მოახდინოს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებზე, ასევე პარტნიორ ქვეყნებზე, იყენებს პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების წინააღმდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.

ამასთან დაკავშირებით, მომზადებულ დოკუმენტში შეტანილია 5 პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დამტკიცდა და რომლითაც ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობაში ხელმძღვანელობს.

  • მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება, როგორც საკვანძო პირობა ევროკავშირთან ურთიერთობებში ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის;
  • ურთიერთობების განმტკიცება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან და სხვა მეზობლებთან;
  • ევროკავშირის მდგრადობის გაზრდა;
  • რუსეთთან შერჩევითი ურთიერთქმედება საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის ინტერესებში შედის;
  • რუსეთში ხალხთა შორის კონტაქტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

ამ პრინციპების შესაბამისად რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკავშირმა ერთდროულად მოიგერიოს, შეაკავოს და ურთიერთქმედებდეს რუსეთთან.

მოგერიება. ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გამოსვლებსა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე. ევროკავშირი გააგრძელებს განცხადებებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სისტემატური დარღვევების შესახებ უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ეს მოიცავს რუსეთისადმი მოუწოდებს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები.

ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს სათანადო რეაგირებას რუსეთის მთავრობის მავნე მოქმედებებზე, ჰიბრიდული საფრთხეების ჩათვლით და შეეცდება, შეზღუდოს რესურსები, რომელთა გამოყენებაც რუსეთის მთავრობას მავნე საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად შეუძლია.

შეკავება. სტრატეგია ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის საფრთხეებისა და მუქარის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ უფრო სისტემურ და კოორდინირებულ დაპირისპირებას, ამასთან კოორდინაციას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა NATO და G7.

ევროკავშირმა მომავალშიც უნდა განავითაროს კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის პოტენციალი და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობები. ევროკავშირი გააგრძელებს თავის შესაძლებლობებს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გასაწევად და უკეთ გამოიყენებს გავლენის ბერკეტებს, რაც ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლას გულისხმობს.

ევროკავშირი გააძლიერებს აღმოსავლეთის პარტნიორების მხარდაჭერას, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოტენციალის სრულად რეალიზების გზით.

ურთიერთქმედება. საკუთარი ინტერესების წინ წაწევის მიზნით, ევროკავშირს სურს, ჩართოს რუსეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო ამოცანის გადაწყვეტაში, როგორიცაა კორონავირუსის პანდემიის დაძლევა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და ეკოლოგიური პრობლემები.

სტრატეგიაში შემოთავაზებულია მთავრობასთან უფრო მეტი ტექნიკური ურთიერთქმედება ეკონომიკურ საკითხებზე.

ევროკავშირი გააფართოებს ხალხთა შორის კონტაქტებს, შესაძლოა, ჩართოს სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის, ასევე გააძლიერებს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას.

ევროკავშირი ასევე აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას "ჩრდილოეთ განზომილების" ფარგლებში, არქტიკაში, კონფლიქტების პრევენციისა და რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე - ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ავღანეთამდე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობამდე.

წარმოდგენილი დოკუმენტს ევროკავშირის ლიდერები 24-25 ივნისს ბრიუსელის სამიტზე განიხილავენ. მის საფუძველზე ისინი რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შემდგომი განვითარების გზებზე იმუშავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system