
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია შემაშფოთებელია, თუმცა ახლა პანიკის დრო არ არის, - ამის შესახებ პრესკონფერეციაზე ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს განვითარებადი სიტუაცია, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, პანიკისა და დეზინფორმაციის დრო არ არის. ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა აუცილებელი სამუშაო შევასრულოთ, ამ დაავადებას ვებრძოლო", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსით ევროკავშირის 18 ქვეყანაში 2,1 ათასი ადამიანია ინფიცირებული. 38 ადამიანი გარდაიცვალა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, კი დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა (ECDC) განაცხადა, რომ ევროკავშირში "რისკის დონე საშუალოდან მაღლის ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელებას აგრძელებს".