
გაფიცვის შედეგად, რომელიც საფრანგეთში მესამე კვირაა გრძელდება, სახელმწიფო კომპანიამ SNCF 400 მილიონი ევრო ვერ გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას RFI ავრცელებს.
კომპანიის ხელმძღვანელის, ჟან-პიერ ფარანდას თქმით, გაფიცვა SNCF-ს დღეში 20 მილიონი ევრო უჯდება. თუმცა, მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობის ეკონომიკური შედეგების შეჯამება, რომელიც 2020 წელს შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს, ჯერ ნაადრევია.
"400 მილიონი - მნიშვნელოვანი თანხაა, რომელიც 2019 წლის ეკონომიკურ შედეგებზე დიდი გავლენას მოახდენს", - აღნიშნა ჟან-პიერ ფარანდამ.
დაგეგმილ რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს, უკვე სამი კვირაა მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ. საყოველთაო გაფიცვამ ქვეყანაში სერიოზული სირთულეები შექმნა. საფრანგეთის მთავრობა მათთვის, ვისაც სრული პენსიის მიღება სურს, საპენსიო ასაკს 2 წლით, 62-დან 64 წლამდე ზრდის. გარდა ამისა, უქმდება სპეციალური კატეგორიები, რომელიც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, პენსიაში გასვლის შესაძლებლობას 50 წლის ასაკში აძლევდა.