
ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში ბრაზილიიდან გაყინული ქათმის ფრთების პარტია შევიდა, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტესტირება ჩაუტარდათ თანამშრომლებს, ვისაც დაინფიცირებულ პროდუქტთან შეხება ჰქონდათ. ასევე შეამოწმეს პროდუქტები, რომლებიც გაყინულ ფრთებთან ერთად იყო დასაწყობებული. ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ინფიცირებული ტვირთი იზოლირებულია და მალე მათი უტილიზაცია მოხდება.
კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების დასადგენად, აგვისტოს დასაწყისში ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, პირველადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი, რომელმაც მსოფლიოში 20,5 მილიონი ადამიანი დააინფიცირა და 748 000 იმსხვერპლა, ღამურებისგან გავრცელდა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი