თავში

გერმანია რუსეთს: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყველაგან დავიცავთ

​გერმანია რუსეთს: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყველაგან დავიცავთ
გერმანია რუსეთს: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყველაგან დავიცავთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის განცხადებით, ბერლინის ცენტრში ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ, რაშიც გერმანიის პროკურატურა რუსულ მხარეს ადანაშაულებს, სერიოზული ჩრდილი მიაყენა გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს. ამის შესახებ მინისტრმა რუსეთში, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ტირგარტენში მკვლელობამ რომელიც პროკურატურის აზრით, შეკვეთილი იყო რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ, სერიოზულ გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობებზე. ამიტომ, მე გაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყველგან და ყოველთვის", - განაცხადა მინისტრმა.

ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა.

დღესვე რუსეთის ფედერაციის სამმა დიპლომატმა, რომლებიც სლოვაკეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ოჯახებთან ერთად ქვეყნის ტერიტორია დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული მხარის პოზიციის გახმოვანების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ-ს ბრალი წაუყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ შეუკვეთა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს, მკვლელობის შეკვეთის შესასრულებლად მოსკოვიდან პარიზში გაემგზავრა, 20 აგვიტოს კი ვარშავაში ჩავიდა. 22 აგვიტოს ბრალდებული პოლონეთიდან ბერლინში „დაუდგენელი მარშრუტით“ ჩავიდა. ამასთან, გერმანიის ფედერალური პროკურატურა წერს, რომ ვადიმ კ-მ შენგენის ვიზა მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოში 2019 წლის 30 ივლისს აიღო. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამაჟამად გერმანიის ციხეში იმყოფება.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი გეზა ანრეას ფონ გაირი დაიბარეს.

რუსეთის გადაწყვეტილება ორი გერმანელი დიპლომატის გაძევების შესახებ გაუმართლებელია, - ასე ეხმაურებიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system