თავში

იაპონიაში Pfizer-ის ვაქცინის ნაწილს გადააგდებენ

​იაპონიაში Pfizer-ის ვაქცინის ნაწილს გადააგდებენ
იაპონიაში Pfizer-ის ვაქცინის ნაწილს გადააგდებენ

იაპონია იძულებული იქნება, კომპანიების Pfizer/BioNTech მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ნაწილი გადააგდოს. ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, კაცუნობუ კატომ განაცხადა.

ვაქცინის უტილიზაციის მიზეზი ისაა, რომ ერთი ფლაკონი პრეპარატის 6 დოზაზეა გათვლილი, თუმცა შპრიცები, რომლებსაც იაპონიაში იყენებენ, მხოლოდ 5 დოზას იტევს. იაპონიაში გამოყენებული სტანდარტული შპრიცები ამერიკული წამლის მწარმოებლის ყოველი ფლაკონიდან მე-6 დოზას ვერ იღებს.

"ფლაკონში დარჩენილი, გამოუყენებელი ნაშთი უტილიზირებული იქნება", - განუცხადა კატომ სააგენტო Reuters-ს.

მისი თქმით, იაპონიის ხელისუფლებამ სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებს ასეთი შპრიცების მეტი რაოდენობით გამოშვება სთხოვეს, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ეს მალე მოხდება. ამასთან, მთავრობა შესყიდვების შესახებ მოლაპარაკებებს უცხოელ კომპანიებთანაც მართავს.

იაპონიამ Pfizer-ის ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 72 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. თითოეული ფლაკონი ექვს დოზას შეიცავს. Pfizer-ის რეკომენდაციით, თითოეულ ვაქცინირებულს იმუნური პასუხის წარმოქმნისთვის ორი დოზა სჭირდება, რომელიც სამი კვირის ინტერვალით კეთდება. შპრიცებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ვაქცინირებულთა რიცხვი, შესაძლოა, შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system