თავში

ილჰამ ალიევი: ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი გამორიცხულია

​ილჰამ ალიევი: ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი გამორიცხულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღის სტატუსზე საუბარი გამორიცხულია.

"არაერთხელ მითქვამს, რომ არასდროს დავუშვებთ აზერბაიჯანის ისტორიულ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას. ბევრჯერ მითქვამს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასდროს გახდება მოლაპარაკებების თემა. მითქვამს, რომ ჩვენ ამ მთლიანობას სამხედრო გზით აღვადგენდით იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი გზით აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა,“- განაცხადა ალიევმა, რომელმაც დღეს მოსახლეობას ფიზულის რაიონიდან მიმართა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია და ყარაბაღის სტატუსზე საუბარი გამორიცხულია.

"ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი შეუძლებელია. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანული სახელმწიფო, მრავალეროვანი, მრავალკონფესიური, პროგრესული აზერბაიჯანული სახელმწიფო, სადაც ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ. სომეხი ხალხიც ასევე იცხოვრებს, ჩვენ სომეხ ხალხს არაფერს ვერჩით,“- განაცხადა ალიევმა.

დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზული-შუშას გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გაეცნო.

ალიევმა განაცხადა, რომ ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა.

მისი თქმით, შუშას გათავისუფლების ოპერაცია დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა.

"დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელმაც მტერს უკანასკნელი დარტყმა მიაყენა, შემთხვევითი არ არის, რომ მტერმა 10 ნოემბერს ფაქტობრივად კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი,“- განაცხადა ალიევმა.

მან აზერბაიჯანელ ხალხს ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა.

"დღეს საძირკველი ეყრება ფიზული-შუშას საავტომობილო გზის მშენებლობას. ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ყარაბაღის გვირგვინთან, ქალაქ შუშასთან მივყავართ. ამასთან, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გათავისუფლებულ მიწებზე ხორციელდება,“- აღნიშნა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system