თავში

ილჰამ ალიევი: ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან კაპიტულაციას ნიშნავს

​ილჰამ ალიევი: ყარაბაღთან
ილჰამ ალიევი: ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან კაპიტულაციას ნიშნავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმებით სომხეთმა ფაქტობრივად სამხედრო კაპიტულაცია გამოაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისტორიულ შეთანხმებას ხელი ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანულმა მხარემ მოაწერა, მაგრამ მასზე ხელმოწერის დასმა ფაშინიანსაც მოუწევს.

„ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება ვიდეოკონფერენციის ფორმატში იყო ხელმოწერილი. პირველ ეტაპზე, სამი ქვეყნის ხელმძღვანელებს ხელი უნდა მოეწერათ შეთანხმებაზე. თუმცა, ბოლო მომენტში ნიკოლ ფაშინიანმა უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე.

ეს შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც სომხეთის ფაქტობრივი სამხედრო კაპიტულაცია. ამიტომაც, რუსეთის პრეზიდენტმა და მე ამ შეთანხმებას ხელი ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოვაწერეთ. შეთანხმება რუსულ ენაზეა შედგენილი. აქ არის ჩემი ხელმოწერა, რომელიც ხელმოწერის შემდგომ გადაეცა რუსეთის ელჩს. რუსეთის პირველი პირი და სომხეთი ხელს მოაწერენ ამ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ამ ქცევის გაგება შეიძლება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. ყველა ადამიანმა მისთვის და მისი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს. ფაშინიანი ამის გარეშეც მოაწერს ხელს. ჩვენ ის ვაიძულეთ. ის შეშინებული, რომელიღაც დაკეტილ ადგილზე, კამერებისგან შორს მოაწერს ხელს. ის ხელს საკუთარი ნებით არ მოაწერს. მას ხელის მოწერა რკინის მუშტის ქვეშ მოუწევს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდეტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების დოკუმენტში აღარაფერია ნათქვამი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის სტატუსზე და ეს აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გამარჯვებაზე მიუთითებს. 

„როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ. აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეთანხმების საფუძველზე მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, რუსეთი ტერიტორიაზე 2 000-მდე მშვიდობისმყოფელს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თმით "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა."

ყარაბაღში ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა, გვიან ღამით, ქვეყნის მოქალაქეებს განუცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად შესაბამის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ფაშინიანის გადაწყვეტილებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები დედაქალაქის ქუჩებში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. მოვლენების პასუხად პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system