თავში

ირანიდან კიდევ ერთი ჰევი მეტალ ჯგუფი გაიქცა

​ირანიდან კიდევ ერთი ჰევი მეტალ ჯგუფი გაიქცა
ირანიდან კიდევ ერთი ჰევი მეტალ ჯგუფი გაიქცა

ირანული ჰევი მეტალ ჯგუფის "Arsames" წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც "სატანური" მუსიკისა და მკრეხელობისთვის სასამართლომ მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ კოლექტივმა გამოცემა Loudwire-ს განუცხადა.

"ჩვენ სატანისტები არ ვართ. ჩვენს შემოქმედებაში სპარსეთის ისტორიასა და კულტურას მივმართავთ. განა ეს დანაშაულია? ხელისუფლება თვლის, რომ რადგან ჩვენ "გროულინგით" ვმღერით და ჩქარ მუსიკას ვუკრავთ, სატანას ვიძახებთ. თავის ქალას ჩვენს მაისურზეც სატანიზმად თვლიან", - ამბობენ ჯგუფის წევრები.

მუსიკოსების თქმით, პირველად ისინი 2017 წელს დააკავეს და ერთი თვით ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს. ამასთან, სასამართლო მსვლელობის პერიოდში მათ გამოსვლები, მუსიკის ჩაწერა და პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ისინი შემოქმედებით პროცესს ისევ დაუბრუნდნენ.

"აქტიურად ვმუშაობდით, რამდენიმე კვირის წინ კი სასამართლოში დაგვიბარეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯეს. იძულებულები ვიყავით, გავქცეულიყავით. ასე თავს ვუშველეთ", - განაცხადეს მუსიკოსებმა.

მათ არ ისაუბრეს, როგორ მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა. ასევე უცნობია მათი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა, რადგან მუსიკოსებს ეშინიათ, რომ მათ იპოვიან და ირანში დააბრუნებენ.

"Arsames" პირველი ჰევი მეტალ ჯგუფი არ არის, რომელიც ირანიდან სისხლის სამართლის დევნის გამო გაიქცა. 2015 ირანული ჰევი მეტალ ჯგუფის, "Confess"-ის წევრებს ქვეყნის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბენდის ფრონტმენს, ნიკან ხოსრავის კი პატიმრობასთან ერთად 74 შოლტი მიუსაჯეს. მათ საკუთარ ნამუშევრებში ისლამის შეურაცხყოფასა და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდას ედავებოდნენ. ამის გარდა, ანარქისტული და სატანისტური ტექსტების წერაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მუსიკოსები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მათ ირანი დაუყოვნებლივ დატოვეს და საბოლოოდ ნორვეგიაში მიიღეს თავშესაფარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system