თავში

ისრაელის ცნობით, კონფლიქტის დაწყების დღიდან, პალესტინელებმა 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ისრაელის ცნობით, კონფლიქტის დაწყების დღიდან, პალესტინელებმა 2 0
ისრაელის ცნობით, კონფლიქტის დაწყების დღიდან, პალესტინელებმა 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით,  კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის მიერ ნასროლი რაკეტების დაახლოებით ნახევარი ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, ხოლო 350  ღაზას სექტორში აფეთქდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად, 11 პალესტინელი დაიღუპა.

ხოლო, პალესტინის ცნობით, ისრაელის იერიშს 126 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 31 ბავშვი და 20 ქალი. დაშავებულთა რიცხვი კი 950-ს აჭარბებს.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელმა ეგვიპტის შუამავლობით ერთწლიან სამშვიდობო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

გერმანიის რიგ ქალაქებში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ისრაელის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system