თავში

ჯულიან ასანჟი და სტელა მორისი ციხეში დაქორწინებას გეგმავენ

ჯულიან ასანჟი და სტელა მორისი ციხეში დაქორწინებას გეგმავენ
ჯულიან ასანჟი და სტელა მორისი ციხეში დაქორწინებას გეგმავენ

ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საცოლემ სტელა მორისმა განაცხადა, რომ წყვილი გეგმავს ციხეში დაქორწინდეს. 

გერმანულ პრესასთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თუ წყვილს ციხეში დაქორწინება გამოუვა, ასანჟის გათავისუფლების შემდეგ ქორწილს მეგობრებისა და ახლობლების წრეში გადაიხდიან. სტელა მორისი აცხადებს, რომ ბიუროკრატიული სირთულეებიდან გამომდინარე, ციხეში დაქორწინება მარტივი საქმე არ არის. 

მედიის ცნობით, ისინი 2016 წლიდან არიან დანიშნულები და წყვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს. 

ცნობისთვის, The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას კიდევ ერთხელ შეეცდება.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ლონდონის სასამართლომ ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

2018 წელს აშშ-მა ასანჟის 18 პუნქტიანი ბრალდება წაუყენა, მათ შორის არის შპიონაჟი. ჯულიან ასანჟმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, 2010 წელს Wikileaks-ის ვებგვერდზე აშშ-ის ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. იგი წლების განმავლობაში ასაჯაროებდა ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მონაცემებს, თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა მიმოწერებს.

აშშ-მა მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში და ჯაშუშობაში დასდო ბრალი, რის გამოც მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ასანჟმა 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, თუმცა 2019 წელს ეკვადორმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. ლონდონის სასამართლომ იგი, გირაოს დარღვევის გამო, დამნაშავედ ცნო და 11 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო 3 მაისიდან მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის მოსმენა დაიწყო. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system