თავში

კორონავირუსის დადებითი მხარეები

​კორონავირუსის დადებითი მხარეები
კორონავირუსის დადებითი მხარეები

კორონავირუსი სულ უფრო მეტ ქვეყანას და ქალაქს მოედო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ქუჩები ცარიელია. ადამიანებს შიში იპყრობს. თუმცა არიან ისინიც, ვინც ცდილობს, გარშემომყოფები დაამშვიდოს და მეტიც, კორონავირუსის დადებით მხარეებზეც საუბრობს. ერთ-ერთია ლი ედელკურტი, მოდისა და დიზაინის ტრენდების ანალიტიკოსი დანიიდან. მასთან ინტერვიუ გამოცემა De Zeen-მა გამოაქვეყნა.

ლი ედელკურტი რამდენიმე მომენტზე და ახალ შესაძლებლობებზე აფიქსირებს ყურადღებას, რაც შეიძლება კორონავირუსის პანდემიამ მოიტანოს.

ურთიერთობის და ინფორმაციის გავრცელების ახალი ხერხები

"ყველას, ვინც უახლოეს თვეებში საჯარო ღონისძიებებს გეგმავდა, შეუძლია საორგანიზაციო საკითხებს შეეშვას და კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების, სხვა, ალტერნატიული ხერხებზე იმუშაოს", - აცხადებს ის.

უფრო მეტი დრო ახლობლებთან და ოჯახთან

"ეპიდემია გვაიძულებს, უარი ვთქვათ სიჩქარეზე, თვითმფრინავებზე, გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ სახლიდან, მეტი დრო გავატაროთ ოჯახთან და ახლობლებთან, ეს კი მეტ თვითკმაყოფილებასა და მეტად გააზრებული ცხოვრებისკენ გვიბიძგებს", - თვლის ედელკურტი.

საშუალება გადავხედოთ სისტემისადმი დამოკიდებულებას, რომელშიც დავიბადეთ და გავიზარდეთ

"უცებ მოდის ჩვენებები უაზროდ და სასაცილოდ გვეჩვენება, ტურისტული სააგენტოების რეკლამა - თავზემოხვეულად, მომავალ პროექტებზე ფიქრი - ბუნდოვნად და არათანმიმდევრულად - საერთოდ მნიშვნელოვანია კი ეს პროექტები? ყოველ დღე ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სისტემას, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობთ", - ამბობს ედელკურტი.

შესაძლებლობები ლოკალური ეკონომიკისთვის

"ხშირად კომპანიებში საქონლის 90% ჩინეთშია წარმოებული. თუ თაროები დაცარიელდა და აღარ დარჩა იმპორტული ფეხსაცმელი, ტელეფონები, ტანსაცმელი, კბილის პასტაც კი, ამან შესაძლოა ქვეყნებს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისკენ უბიძგოს", - თვლის ედელკურტი.

გარემო

"ცოტა ხნის წინ გავრცელებული ვიდეო, რომელიც ჩინეთის თავზეა გადაღებული, აჩვენებს, რომ წარმოების გაჩერებიდან 2 თვეში ჰაერი გაიწმინდა და ადამიანებს სუნთქვის საშუალება აქვს. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გარემოს გაწმენდას ეკოაქტივისტების მცდელობებზე გაცილებით უფრო ეფექტურად უწყობს ხელს", - ამბობს ის.

და ბოლოს

"ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახალ სისტემას შევქმნით, სადაც ადამიანი, მისი შრომა და შრომის პირობები მეტად იქნება დაფასებული", - თვლის ედელკურტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system