თავში

ლავროვმა ხანგოშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა

ლავროვმა ხანგოშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა
ლავროვმა ხანგოშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა

ბერლინის არამეგობრული და ჩვენი ღრმა რწმენით, არაფრით დასაბუთებული გადაწყვეტილება გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, ბუნებრივია, ვერ დარჩებოდა პასუხის გარეშე. ჩვენ იძულებულნი ვიყავით, საპასუხო ზომები მიგვეღო და მოსკოვიდან ორი გერმანელი დიპლომატი გაგვეძევებინა, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პასუხებში იმ კითხვებზე, რომელიც მედიამ მოამზადა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე არ გაჟღერდა.

სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლების ბრალდება , ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთის არასათანადო დახმარებასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და გერმანიის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტი 2019 წლის აგვისტომდე ხორციელდებოდა. ხანგოშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია კი გერმანელებს დანაშაულამდე გაცილებით უფრო ადრე ჰქონდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა მოსკოვი მზად არის, გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დახმარება გაუწის. სერგეი ლავროვის მოსაზრებით, ზელიმხან ხანგოშვილს მისი წარსულიდან გამომდინარე, უამრავი მტერი ეყოლებოდა, მათ შორის კრიმინალურ სამყაროში.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი გეზა ანრეას ფონ გაირი დაიბარეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system