თავში

მადურო და გუაიდო ოქროს ვერ იყოფენ

​მადურო და გუაიდო ოქროს ვერ იყოფენ
მადურო და გუაიდო ოქროს ვერ იყოფენ

ვენესუელას მოქმედი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი მოწინააღმდეგე, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელმაც გასული წლის იანვარში თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ლონდონის საცავებში არსებული ოქროსთვის იბრძოლებენ. სადაო ოქროზე წვდომას ქვეყნის ორივე ლიდერი ითხოვს.

დიდი ბრიტანეთის საცავებში, სადაც სხვა და სხვა სახელმწიფოები საკუთარი ოქროს მარაგის ნაწილს ინახავენ, ვენესუელას სახელმწიფოს კუთვნილი 1,9 მილიარდი დოლარის ოქრო ინახება.

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ოქრო მისი ადმინისტრაციის ცენტრალური ბანკის კუთვნილებაა. ოქროს განკარგვაზე პრეტენზიას აცხადებს ხუან გუაიდოც, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ვენესუელას სრულუფლებიან ლიდერად აღიარებს. გუაიდოს თქმით, ქვეყნის განძი მისი კონტროლის ქვეშაა.

ვენესუელაზე დაკისრებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ მადურომ ლონდონის საცავებში შენახული 14 ტონა ოქროს უკან წაღება მოინდომა. ვენესუელას ცენტრალურმა ბანკმა უკვე უჩივლა დიდი ბრიტანეთის ბანკს და ოქროზე წვდომა მოითხოვა. მომავალ კვირაში ბრიტანეთის კომერციული სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს. მან უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის სადაო ოქრო.

საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ აგვისტოში, ან სექტემბერში გახდება ცნობილი.

მანამდე კი სასწორზე დევს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების მილევადი საგარეო აქტივები.

მადუროს ადვოკატები აცხადებენ, რომ ოქროს უმეტესი ნაწილი გაიყიდება კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაფარად, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ისედაც კრიზისში მყოფ ქვეყნის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას.

ოპოზიციის განცხადებით, მადურო ოქროს მისი ხელისუფლების მხარდამჭერი უცხოელი პარტნიორებისთვის გადასახდელად გამოიყენებს. მათი თქმით, მადუროს ხელისუფლებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეზერვებიდან 30 ტონა ოქრო უკვე გაყიდა.

ხუან გუაიდო იმედოვნებს, რომ ვერდიქტი მის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი და მას  წვდომა მიეცემა ვენესუელას სხვა სახელმწიფო აქტივებზეც, უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გაყინული 5 მილიარდის ჩათვლით.

მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ ხუან გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო. ვენესუელაში, ბრძოლა ძალაუფლებისთვის მადუროს მემარცხენე-ცენტრისტ მთავრობას, რომელსაც მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერს, და ხუან გუაიდოს მემარჯვენე-ცენტრისტ ოპოზიციას შორის უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და 2019 წლის იანვარში თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მან მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება დღემდე ვერ მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system