თავში

მიანმარში ბოლო აქციაზე 107 კაცი მოკლეს - გაერო

მიანმარში ბოლო აქციაზე 107 კაცი მოკლეს - გაერო
მიანმარში ბოლო აქციაზე 107 კაცი მოკლეს - გაერო

მიანმარის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შაბათის აქციაზე 107 დემონსტრანტი მოკლეს. მათ შორის 7 ბავშვია. ამ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

გენოციდის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მრჩევლის ელის ნდერიტუს და ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის ერთობლივი განცხადებით, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს ყველაზე სისხლიანი დემონსტრაცია იყო.

გაერო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები 40 ადგილას ერთდროულად, კოორდინირებულად გაატარეს. დაჭრილი და დაკავებულია ასობით ადამიანი.

ბაჩელეტმა და ნდერიტუმ გაეროს უშიშროების საბჭოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის წარმომადგენლებს მიანმარის ხალხის დასაცავად ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისკენ მოუწოდეს. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system