თავში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის აქცენტები

​მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის აქცენტები
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის აქცენტები

გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. ყოველწლიურ ღონისძიებაში იგეგმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრიუდოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ინის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მონაწილეობა.

შეხვედრის დაწყებამდე კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა, სირიისა და ლიბიის კონფლიქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მსოფლიო თანამეგობრობის მარცხისა და ლიბიის სამშვიდობო გეგმის ჩავარდნის გამო. იშინგერის თქმით, კრიზისები და შემაშფოთებელი მოვლენები გაცილებით მეტია, ვიდრეს ეს ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით,  გამორიცხული არ არის, რომ კონფერენციაზე NATO-ს წევრების შეხვედრისას გარკვეულ დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის აშშ-სგან მეტ დამოუკიდებლობას ითხოვს.

სირიის გაჭიანურებული კონფლიქტისა და თურქეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვანია რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყება ანკარას აკრიტიკებდა სირიის იდლიბში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, საპასუხო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო.

მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ავღანეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, თალიბებთან მოლაპარაკების მიმართულებით, გარკვეული პროგრესი მიღწეულია. 7 დღის განმავლობაში ძალადობის მნიშვნელოვანი დეესკალაცია მოხდა და სამშვიდობო შეთანხმებასთან მხარეები საკმაოდ ახლოს არიან.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system