თავში

NATO და გაერო სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

​NATO და გაერო სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

NATO ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ ალიანსის პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ "ტვიტერზე" დაწერა.

"მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული განცხადებები და ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება მშვიდობიანად და დემოკრატიულად, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გადაწყდეს”, - განაცხადა მან.

პოლიტიკური წინააღმდეგობების მოსაგვარებლად თავშეკავებისა და დიალოგისკენ სომხეთს გაერო მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერო სომხეთში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია და კონფლიქტის მხარეებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, ასევე მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ დაძაბულობის დეესკალაციისა და პოლიტიკური უთანხმოებების გადასაჭრელად”, - განაცხადა დუჟარიკმა.

გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ეს დემოკრატიული პროცესისა და კონსტიტუციის სრული პატივისცემით უნდა გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში. მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალამ "მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ მოქალაქეებს მოუწოდა, 15:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system