თავში

NATO-ს ჯარები ავღანეთის ბაგრამის ავიაბაზას ტოვებენ

NATO-ს ჯარები ავღანეთის ბაგრამის ავიაბაზას ტოვებენ
NATO-ს ჯარები ავღანეთის ბაგრამის ავიაბაზას ტოვებენ

NATO-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანის ფარგლებში, სამხედროებმა  ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს, რომელიც ქაბულიდან ჩრდილოეთით, 65 კილომეტრში მდებარეობს. 

მთავარი საჰაერო ბაზა, საიდანაც ავღანეთში აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში მრავალი საჰაერო ძალების ოპერაცია ხორციელდებოდა თალიბანის და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ, ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების კონტროლს დაექვემდებარა.

რადიკალური ორგანიზაცია თალიბანი მიესალმება ბაგრამის ავიაბაზიდან ამერიკელი ჯარისკაცებისა და NATO-ს ჯარების გაყვანას. 

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და "თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ "თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რამაც ავღანეთის 20 ლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი. ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 19 მარტს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და "თალიბები" მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაცა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით სამიტს რუსეთმა უმასპინძლა. სამიტში აშშ-ც მონაწილეობდა, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევა იყო.

აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1 მაისიდან ავღანეთიდან ჯარების გაყვანას დაიწყებდა და პროცესს, მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით, 11 სექტემბრისთვის დაასრულებდა. ეს თარიღია სიმბოლურია, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ავღანეთში სწორედ 2001 წლის ტერაქტის შემდეგ შევიდა. 2020 წელს აშშ-მა და რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებმა დოჰაში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც თითქმის 18-წლიანი ომის განმავლობაში პირველი ასეთი დოკუმენტი გახდა. ხელშეკრულება 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან უცხო ქვეყნების ჯარების გაყვანას და ტყვეების გაცვლის შემდეგ რადიკალებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system