თავში

ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია რამდენიმე წუთში დასრულდა - VIDEO

ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია რამდენიმე წუთში დასრულდა
ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია რამდენიმე წუთში დასრულდა - VIDEO

საბერძნეთში, ათენში, პანაფინეის სტადიონზე გამართული ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია ძალიან ხანმოკლე და უჩვეულოდ მოკრძალებული იყო. ბერძნებმა იაპონელებს, რომლებიც 2020 წლის ოლიმპიადის გადადებაზე ჯიუტად უარს აცხადებენ, ოლიმპიური ცეცხლი უმოკლეს დროში, ცარიელ სტადიონზე გადასცეს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ღონისძიებამ სტუმრების, მაყურებლისა და ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. ცერემონიაში მხოლოდ 2 ბერძენი სპორტსმენი - ოლიმპიური ჩემპიონები კატერინა სტეფანიდი და ლეფტერის პეტრუნისი მონაწილეობდა, რომელთაც ოლიმპიური ცეცხლი აანთეს.

გაუქმდა თეატრალიზებული წარმოდგენა 55 ქურუმის მონაწილეობით. არენაზე მხოლოდ 2 ქურუმი იდგა, რომელთაც ცეცხლი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს გადასცეს, მან კი, თავის მხრივ, ოლიმპიური ჩირაღდანი „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნაოკო იმოტოს გადასცა. ღონისძიებაში ვერც იაპონელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ადგილზე მათი მისალმების მოკლე ვიდეო წარმოადგინეს.

2020 წლის ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს წელს იაპონია მასპინძლობს. ოლიმპიადა, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოშია დაგეგმილი. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო საუბარი იყო იმაზე, რომ ოლიმპიადა, შესაძლოა, გადადებულიყო, თუმცა ტოკიო აცხადებს, რომ ოლიმპიადა არ გაუქმდება.

ოლიმპიურ ჩირაღდანს იაპონიაში თვითმფრინავით ჩაიტანენ, სადაც 26 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურიდან ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა უნდა დაიწყოს. მარშრუტი 47 პრეფექტურას მოიცავს და 24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე უნდა დასრულდეს, თუ ეს გეგმა კორონავირუსმა არ შეცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system