თავში

ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა - ყაზახეთის პრეზიდენტი
ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა,  ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი  რესპუბლიკის ყველა რეგიონში აღდგენილია და ადგილობრივი ხელისუფლება  სიტუაციას აკონტროლებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თოყაევმა პარასკევს დილით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის, უშიშროების საბჭოსა და უსაფრთხოების ძალების მონაწილეობით,  ანტიტერორისტული შტაბის სხდომა გამართა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარება, ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობა და რეგიონებში არსებული ვითარება.

"დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია. სამართალდამცავი ძალები ინტენსიურ მუშაობას ახორციელებენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად აღდგენილია ქვეყნის ყველა რეგიონში. ადგილობრივი ორგანოები აკონტროლებენ სიტუაციას", - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system