თავში

ყველაფერი, რაც COVID-19-ის ახალ საშიშ შტამზე უნდა იცოდეთ

​ყველაფერი, რაც COVID-19-ის ახალ საშიშ შტამზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც COVID-19-ის ახალ საშიშ შტამზე უნდა იცოდეთ

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ხუთშაბათს, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელსაც B1.1.529 ეწოდა. სამხრეთ აფრიკის ეპიდემიებზე რეაგირებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორის, ტულიო დე ოლივეირას თქმით, მან ჯანმო-ს აცნობა, რომ SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომლის სახელწოდებაა B.1.1.529, ძალიან შემაშფოთებელია.

ტულიო დე ოლივეირამ განაცხადა, რომ ვირუსმა "მეცნიერების გაოცება შეძლო", რადგან მან "ევოლუციაში დიდი ნახტომი გააკეთა".

"მას ჰქონდა ბევრად მეტი მუტაცია, ვიდრე ველოდით, განსაკუთრებით "დელტას" ძალიან მძიმე მესამე ტალღის შემდეგ“, განაცხადა მეცნიერმა.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის B.1.1.529-ის 53 შემთხვევა დადასტურდა. თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ, შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი უფრო დიდი იყოს.

რადგან, ბოლო დრომდე ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციების მცირე რაოდენობა აღირიცხებოდა - დღეში დაახლოებით 200 დადასტურებული შემთხვევა. ამ კვირაში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

თუ ოთხშაბათს ინფიცირების დღიურმა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა, ხუთშაბათს ის გაორმაგდა და 2465-ს მიაღწია. ექსპერტები თვლიან, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ შემთხვევების ასეთი ზრდა სწორედ ახალ ვარიანტთან B.1.1.529 არის დაკავშირებული.

ქვეყნის მეცნიერები ახლა ცდილობენ, ახალი შტამის გავრცელების ხარისხი დაადგინონ, მაგრამ ამას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

”მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შეზღუდულია, ჩვენი ექსპერტები ზეგანაკვეთურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ახალი შტამი და მისი პოტენციური შედეგები დაადგინონ”, - განაცხადეს სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში.

რატომ არის ახალი ვირუსი საშიში?

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ B1.1.529-ს აქვს „მუტაციების ძალიან უჩვეულო ნაკრები“, რომლებიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე "ბეტას" და "დელტას" შემთხვევაში. მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებები დაეხმარება ვირუსს, იყოს უფრო მდგრადი და, შესაძლოა, უფრო ეფექტურად გავრცელდეს. ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა აფრიკის ფარგლებს გარეთ, ჰონგ-კონგში, სადაც COVID-19 სამხრეთ აფრიკიდან ჩამოიტანეს.

"ეს ვარიაცია, შესაძლოა, უფრო ეფექტურად გავრცელდეს. მას ასევე შეუძლია, იმუნური სისტემის თავდაცვას გვერდი აუაროს”, - ამბობს ინფექციონისტი რიჩარდ ლესელი.

დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა ახალი ვარიანტი უკვე შეაფასეს, როგორც "ძალიან საშიში". ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა კრისტინა პაგლმა, აღნიშნა, რომ B1.1.529, შესაძლოა, "დელტაზე" უფრო სწრაფად გავრცელდეს.

COVID-19-ის ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელში.

ეფექტურია თუ არა ახალი შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები?

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამდენად ეფექტურია ვაქცინები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. პროფესორი კრისტინა პაგლი აფრთხილებს, რომ პოტენციურად B1.1.529-ს კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატებისგან თავის დაღწევის "მნიშვნელოვანი შანსები" აქვს.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში აღმოჩენილ ახალ შტამს B.1.1.529, შესაძლოა, "დიდი პოტენციალი" ჰქონდეს და ვაქცინებზე არ რეაგირებდეს. 

”არსებობს შეშფოთება, რომ ამ ვარიანტს, შესაძლოა, არსებული იმუნიტეტის გვერდის ავლისთვის მეტი პოტენციალი ჰქონდეს, ვიდრე კოროვირუსის წინა შტამებს”, - განაცხადა მეცნიერმა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ შტამს მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს.

ფერგიუსონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალმა შტამმა, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაში დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვიოს.

სხვა დეტალები

კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) 26 ნოემბერს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 260 311 551 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 571 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 40 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 199 480 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 235,287,150 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (48 999 737), ინდოეთი (34 555 431) და ბრაზილია (22 055 608).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system