თავში

რა არის კავასაკის სინდრომი და რა საერთო აქვს მას COVID-19-თან

რა არის კავასაკის სინდრომი და რა საერთო აქვს მას COVID-19-თან
რა არის კავასაკის სინდრომი და რა საერთო აქვს მას COVID-19-თან

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

რა არის კავასაკის სინდრომი და რამდენად საშიშია ის?

კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. დაავადება პირველად არცთუ დიდი ხნის წინ, 1967 წელს, იაპონიის წითელი ჯვრის კლინიკის ექიმმა, ტომიაკუ კავასაკიმ აღწერა. სწორედ მისი სახელი ეწოდა სინდრომს. მან განიხილა დაავადების 50 შემთხვევა ბავშვებში, რომლებსაც ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ: გახანგრძლივებული ცხელება, გამონაყარი, წითელი თვალები (მშრალი კონიუნქტივიტი), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი, ტუჩებისა და პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება, ხელისგულებისა და ფეხისგულების ერითემა (სიწითლე) და შეშუპება.

კავასაკის სინდრომის მწვავე სიმპტომები, როგორც წესი, მალე ქრება და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა რიგ შემთხვევებში, მას გულის მძიმე პრობლემების და კორონარული არტერიების დაზიანების გამოწვევა შეუძლია. კავასაკის სინდრომი მხოლოდ ბავშვებს ემართება. პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვებია.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, კავასაკის სინდრომის მქონე პაციენტებში ბიჭების რიცხვი 2-ჯერ მეტია, ვიდრე გოგოების.

თავად კავასაკი წერდა, რომ სინდრომი უმეტესად იაპონიაში ფიქსირდებოდა. მეცნიერების თქმით, აშშ-ში დაავადება უმეტესად შერეული ოჯახების ბავშვებს აღენიშნებოდა, რომლებსაც აზიური წარმომავლობა ჰქონდათ.

კავასაკის დაავადება იშვიათი არ არის, თუმცა დაავადებულთა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია.

მეცნიერების თქმით, წელიწადში ახალი შემთხვევები 100 000 ბავშვიდან 10-ს უფიქსირდება. მათი ასაკი 5 წლამდე მერყეობს. ამასთან, შესაძლოა, გაჩნდეს დაავადების ლოკალური აფეთქებები. უმეტესად ეს ზამთარში, ხანდახან კი გაზაფხულზე ფიქსირდება. 

როგორია კავასაკის სინდრომის სიმპტომები?

კავასაკის სინდრომის პირველი სიმპტომები ცხელება და მომატებული აღგზნებადობაა (გამოხატული შფოთვა). ცხელება უცებ ჩნდება. შესაძლოა, კისრის ლიმფური კვანძები შეშუპდეს. საკმაოდ ხშირად, დაავადების ადრეულ სტადიაზე ჩნდება გამონაყარი. ყველაზე ხშირად ღია წითელი გამონაყარი შეინიშნება. ხელის მტევნები და ტერფები შუპდება, 1-3 კვირის შემდეგ აღნიშნულ მიდამოებში კანი იქერცლება, ფრჩხილებზე ჩნდება თეთრი ლაქები. ფიქსირდება ორმხრივი მშრალი კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) გამონადენისა და ტკივილის გარეშე, ე.წ კურდღლის თვალები. ხშირია ე.წ. მარწყვისებრი ენა, დახეთქილი, მშრალი, სისხლმდენი ტუჩები.

კავასაკის დაავადება შესაძლოა დაიწყოს სხვა ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით: აგზნებით, გულისრევა-ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილით, ხველითა და სახსრების ტკივილით.

როგორც წესი, ამ დროს ბავშვი აღგზნებულია, გაღიზიანებული. ის თითქოს ადგილს ვერ პოულობს. ამის მიზეზი სიმპტომებია, რომელიც მას აწუხებს.

როგორ ვითარდება?

კავასაკის სინდრომი მიჩნეულია გენერალიზებულ ვასკულიტად, რომლის დროსაც ზიანდება ყველა საშუალო და მცირე არტერია. განსაკუთრებით დიდ დარტყმას იღებს გულის გვირგვინოვანი არტერიები. ზიანდება სისხლძარღვის ამომფენი შიგნითა შრე. დაავადების განვითარებასთან ერთად სისხლძარღვის კედელში იწყება სპეციფიკური უჯრედების გამრავლება, ფიბროზული ქსოვილის გაჩენა, რასაც მოჰყვება სანათურის შევიწროება და თრომბოზის განვითარება.

რა კავშირი აქვს კავასაკის სინდრომს COVID-19-თან? 

ბოლო დროს კავასაკის სინდრომი კოვიდინფიცირებულ ბავშვებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება. აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ამ სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ექიმების თქმით, 15 პაციენტს ტოქსიკური შოკის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდათ, ასევე სინდრომ კავასაკის (კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსუბუქი ფორმა, რომლის დროს სისხლის ანალიზის მაჩვენებლის შედარება არასრულწლოვნებში მწვავე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებთანაა შესაძლებელი.

აქედან 4 ბავშვს COVID-19 დაუდასტურდა.

ამ სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის პედიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, სუნთქვის აპარატს საჭიროებენ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ყველა პაციენტს, რომელთა ასაკიც 2-დან 15-წლამდე მერყეობს, ცხელება, გამონაყარი, მუცლის ტკივილი და ფაღარათი აღენიშნებოდა. რესპირატორული სიმპტომები მხოლოდ პაციენტების ნახევარს გამოუვლინდა. ამასთან პაციენტების ნახევარს არტერიული წნევის ნორმაში მოყვანა ესაჭიროებოდა, 5-ს - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მანამდე ბრიტანელი ექიმები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვებში სხვადასხვა ანთებითი პროცესის განვითარების მოწმე გახდნენ. ვირუსის გართულებამ მოზარდებში კავასაკის დაავადების (ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსგავსი ეფექტი გამოიწვია. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. კორონავირუსმა მრავლობითი ანთებით გართულება 8 ბავშვში გამოიწვია. შვიდი ბავშვი გადარჩა, ერთი კი ინსულტით გარდაიცვალა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც რეანიმაციებში ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა აღენიშნება, რაც მუცლის ტკივილს და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს COVID-19-ს უკავშირდებოდეს.

კორონავირუსმა მრავლობითი ანთებით გართულება 8 ბავშვში გამოიწვია. შვიდი ბავშვი გადარჩა, ერთი კი ინსულტით გარდაიცვალა. 5 ბავშვს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა. ერთ ბავშვს კი აპარატზე დასჭირდა შეერთება, რომელიც მის გულსა და ფილტვებს ამუშავებდა. კორონავირუსით დაავადებამდე არც ერთი ბავშვი ჯანმრთელობას არ უჩიოდა. ბრიტანელი ექიმების ეს დაკვირვება სახელმძღვანელოდ იქცა. ექიმებმა უკვე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები ამ სინდრომთან დაკავშირებით.

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ორ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი დაუფიქსირდა, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა, რაინხარდ ბერნერმა განაცხადა. ახალგაზრდა პაციენტებს სისხლძარღვების ანთება, გამონაყარი და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა კავშირი ახალ სინდრომსა და COVID-19-ს შორის.

29 აპრილს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს COVID-19-თან. მისი თქმით, ამ ბავშვებში, საბედნიეროდ, ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა და ექიმები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერების თქმით, მანამდე პედიატრები ამბობდნენ, რომ ბავშვებში ახალი კორონავირუსი შედარებით ნაკლებად ვრცელდებოდა, ვიდრე მოზრდილებში და თუ ბავშვი კორონავირუს Sars-CoV-2-ით ინფიცირდებოდა, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. თუმცა ზემომოყვანილმა ცნობებებმა ისინი შეაშფოთა და კოვიდინფიცირებულ ბავშვებში კავასაკის სინდრომის შესახებ ინფორმაცია ახლა ზედმიწევნით მოწმდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ეს სინდრომი იმიტომ ჩნდება, რომ იმუნური სისტემა სასუნთქი გზების ინფექციაზე ზედმეტ რეაქციას ავლენს და საკუთარ ორგანიზმს ესხმის თავს.

პირველად კავასაკის სინდრომი COVID-19-ს კალიფორნიელმა პედიატრმა, ვინა ჯონსმა მიაქცია ყურადღება. მარტის დასაწყისში ის პალო-ალტოში 6 თვის ბავშვს მკურნალობდა. მას მაღალი სიცხე, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება და მაღალი პულსი გქონდა. მოგვიანებით გოგონას Sars-CoV-2 დაუდასტურდა. მაშინ მედიკოსმა კოლეგების ყურადღება მთელი მსოფლიოდან მიიპყრო. მოგვიანებით ბრიტანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ იგივე სიმპტომები მათთან შემოსულ 8 ბავშვს აღენიშნებოდათ.

ამასთან, კავასაკის სინდრომის ყველა ბავშვს COVID-19 არ დაუდასტურდა, ამიტომაც მედიკოსებს ჯერ უჭირთ თქმა, რამდენად დაკავშირებული ის ახალ კორონავირუსთან. მეცნიერები და პედიატრები დაკვირვებასა და ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობენ.

ამასთან, მათი თქმით, მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ, ვინაიდან კავასაკის სინდრომი, როგორც წესი, მძიმე არ არის და ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ზემოაღწერილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც მკურნალობის კურსს დანიშნავს.

დაავადების მკურნალობის სქემა ორ ძირითად პრეპარატს – ასპირინსა და ინტრავენურ იმუნოგლობულინს მოიცავს. ასპირინი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას), ამასთან, იმუნოგლობულინთან ერთად აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც.

თუ მკურნალობა დროულად და სწორად ჩატარდა, დაავადება გართულებების გარეშე ჩაივლის. თუ გულის გვირგვინოვანი არტერიები არ დაზიანდა, პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system