თავში

როგორ დაამარცხა COVID-19-ის "სამშობლომ" ვირუსი?

​როგორ დაამარცხა COVID-19-ის "სამშობლომ" ვირუსი?
როგორ დაამარცხა COVID-19-ის სამშობლომ ვირუსი?

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი ფაქტობრივად დაამარცხა, შიდა გადაცემები თითქმის აღარ არსებობს, ახალი შემთხვევების უმეტესობა  მხოლოდ იმპორტირებულია. კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კი  ქვეყანაში 16 მაისს დაფიქსირდა.

რაში მდგომარეობს ჩინეთის წარმატების საიდუმლო. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს განპირობებულია არა იმით, რომ პირველი აფეთქება სწორედ ჩინეთში მოხდა, არამედ იმით, რომ მათ პანდემია კომპლექსურად სწორად მართეს. ოპერატიულად ჩაკეტეს საზღვრები, შემოიღეს ჯანმრთელობის კოდი და საზღვრის კვეთის, ან საეჭვო კონტაქტის შემთხვევაში, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი დააწესეს.

ჯანმრთელობის კოდი - ეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული სისტემაა, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს. მოქალაქეები, სპეციალური მობილური აპლიკაციით რეგისტრირდებიან, სადაც კონტაქტებისა და უცხოეთში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას უთითებენ. ამის შემდეგ აპლიკაცია მათ შესაბამის ფერებს ანიჭებს. მწვანე - ქვეყნის მასშტაბით შეუზღუდავ გადაადგილებას ნიშნავს, ყვითელი - 14 დღიან აუცილებელ კარანტინს მოითხოვს, წითელი კი - მოქალაქეზე დაკვირვების აუცილებლობას აწესებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული "თეთრი წიგნი", სადაც ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ კომპლექსურ ნაბიჯებზეა საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთმა უმოკლეს დროში მოახდინა დიაგნოსტიკის, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტური სისტემის შემოღება.

ჩინეთის ხელისუფლების თქმით, მათ დროულად მოახდინეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი რესურსების მობილიზება და პანდემიის წინააღმდეგ მიმართვა. გამოყენებული იყო ჩინური ტრადიციული მედიცინაც, რომლმაც, ანგარიშის თანახმად, 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მასობრივი ტესტირების ფონზე დაავადების გამოვლენა -12 საათში, კონტაქტების დადგენა კი - 24 საათში ხდებოდა. დაცული იყო კარანტინისა და სოციალური დისტანცია.

ჩინეთში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, 90 244 ადამიანი დავირუსდა. გარდაიცვალა 4736 ადამიანი. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღეში მხოლოდ 20 ადამიანი ავადდება.

მსოფლიო თანამეგობრობა ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ამ ფაქტს ჩინეთი უარყოფს.

პანდემიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების მონაწილეობით საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system