თავში

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობის შესახებ აზერბაიჯანი განცხადებას ავრცელებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობის შესახებ აზერბაიჯანი
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობის შესახებ აზერბაიჯანი განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

"დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

"ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system