თავში

სომხეთის პრეზიდენტი: გამოსავალი დროებითი მთავრობის შექმნაა

​სომხეთის პრეზიდენტი: გამოსავალი დროებითი მთავრობის შექმნაა
სომხეთის პრეზიდენტი: გამოსავალი დროებითი მთავრობის შექმნაა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოსკოვში სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები და ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება, ქვეყანაში ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის ცივილიზებული გზაა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია მოხდა, არსებობს გამოსავალი: მთავრობა, რომელმაც ეს გამოიწვია, უნდა წავიდეს. თუ პოლიტიკოსი ძლიერია, ის შეძლებს შემდგომ უკან დაბრუნებას... არსებობს ცივილიზებული გზა - ვადამდელი არჩევნები, ეროვნული ერთიანობის დროებითი მთავრობის შექმნა", - განაცხადა სარქისიანმა. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ პარტიას დროებითი მთავრობის შემადგენლობაში საკუთარი მინისტრი უნდა ჰყავდეს. სარქისიანი მიიჩნევს, რომ მთავრობა ყველასათვის პატივსაცემმა ადამიანმა უნდა ჩამოაყალიბოს.  სარქისიანის განცხადებით, დროებითმა მთავრობამ ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს, ახალ არჩევნებამდე.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. სარქისიანი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს ბალანსი პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის. 

"მე მჯერა, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენ საპარლამენტო ქვეყნად დავრჩებით, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს. ჩვენს ქვეყანაში ყველა თანამდებობას ნიშნავს პარლამენტი, მაგრამ სად არის ბალანსი?" - აცხადებს სარქისიანი. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისის არსებობა ან არარსებობა არ შეიძლება შეფასდეს მომიტინგეების რაოდენობით. 

"მოედანზე საერთოდ რომ არავინ ყოფილიყო, ნიშნავს ეს იმას, რომ კრიზისი არ იყო? მიმოიხედეთ, ჩვენ ყველანი კრიზისულ სიტუაციაში ვართ. ეს არ არის ქვეყნის ან სახელმწიფოს კრიზისი, არამედ ეს არის ერის კრიზისი - ადამიანის უფლებები, ფსიქოლოგიური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისი. ყარაბაღში ყველა მაცხოვრებელი ვერ დაბრუნდება, ზოგს სომხეთში მოუწევს დარჩენა, ვინ იზრუნებს მათზე? " - განაცხადა სარქისიანმა. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, პირველ რიგში, საჭიროა  იმის აღიარება, რომ ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. სარქისიანმა აღნიშნა, რომ  "სომხეთი ვერ გააგრძელებს ისე ცხოვრებას, როგორც ადრე, რადგან სომხეთი - უკვე სხვა ქვეყანაა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system