
აშშ-ს შტატ ორეგონის მკვიდრი, ბრიუს ქლირი სპერმის დონორი 1989 წელს გახდა. ფინანსური ანაზღაურების მიღების გარდა, მას უშვილო წყვილებისთვის დახმარებაც სურდა. კლინიკამ, სადაც მამაკაცმა ბიოლოგიური მასალა ჩააბარა, განაცხადა, რომ სპერმა მხოლოდ 5 ბავშვის ჩასახვისთვის იქნებოდა გამოყენებული.
წლების შემდეგ ბრიუსი დაოჯახდა, მეუღლესთან 2 შვილი შეეძინა და ერთიც თავშესაფრიდან აიყვანა. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მას კიდევ 17 შვილი ჰყავს, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.
ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, როდესაც 2018 წელს მამაკაცს ორი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც ბიოლოგიურ მამას ეძებდნენ. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ნამდვილად ბრიუსის შვილები არიან.
ამის შემდეგ თავად ქლირმა საკუთარი ბიოლოგიური მასალა დნმ-ის აშშ-ში ყველაზე მსხვილ ცენტრ Ancestry-ში გააგზავნა და აღმოაჩინა, რომ ჯამში 17 შვილის მამაა.
ბრიუს ქლირმა კლინიკას სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მისი ბიოლოგიური მასალა უკანონოდ გამოიყენა. მამაკაცი მორალური კომპენსაციის სახით $5.25 მლნ-ს ითხოვს.
ელენა ტრეხლებოვა
ავტორი