თავში

სპეციალისტები ნორილსკის საფრთხეებზე წლების წინ საუბრობდნენ

სპეციალისტები ნორილსკის საფრთხეებზე წლების წინ საუბრობდნენ
სპეციალისტები ნორილსკის საფრთხეებზე წლების წინ საუბრობდნენ

რუსი სპეციალისტები ნორილსკში მოსალოდნელ საფრთხეებზე რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ. მათ „ნორილსკის ნიკელის“ შვილობილი თბოელექტროსადგურის შემოწმებისას სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს.

რუსეთის ეკოლოგიური, ტექნოლოგიური და ატომური ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა 2017-2018 წლებში ელექტროსადგურზე სამი შემოწმება ჩაატარა და მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. მათ შორის დარღვევები იყო საწვავის რეზერვუარებში. მათი კედლები და სახურავი დაჟანგული იყო. კომპანიას მათი გაწმენდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაავალეს, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, ეკოლოგები უკვე წლებია მსხვილ კომპანიებს აფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებები და არქტიკის სწრაფი ტემპით დნობა სხვა და სხვა პლატფორმაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის დაზიანებას გამოიწვევს.

„ნორილსკის ნიკელი“ აცხადებს, რომ ავარია ყინულის დნობის შედეგად ელექტროსადგურის ფუნდამენტის დაზიანებამ გამოიწვია, რასაც საწვავის დაღვრა მოჰყვა.

ნიკელისა და პალადიუმის მსოფლიო მწარმოებლის „ნორილსკის ნიკელის“ აქციები, მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მნიშვნელოვნად დაეცა.

რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნორილსკში თბოელექტროსადგურზე ავარია 29 მაისს მოხდა. საწვავის რეზერვუარის დაზიანების შედეგად 20 000-ზე მეტი ტონა ნავთობპროდუქტი არქტიკულ წრეში არსებულ ერთ-ერთ მდინარეში ჩაიღვარა და მიმდებარე მდინარეებსა და ტბებში გაჟონა. დაღვრილმა საწვავმა 200 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ავარიის გამო სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონი. მომხდარის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაგვიანებით, სოციალური ქსელიდან შეიტყო. ნორილსკის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ვერ ახერხებს კატასტროფის ლიკვიდაციას. ოფიციალური პირების განცხადებით, წყალმარჩხი მდინარის გასუფთავება რთული იქნება, რადგან ის ძნელად მისადგომია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system