თავში

ზელენსკი პუტინს შეხვედრას დონბასში სთავაზობს - VIDEO

ზელენსკი პუტინს შეხვედრას დონბასში სთავაზობს
ზელენსკი პუტინს შეხვედრას დონბასში სთავაზობს - VIDEO

უკრაინის პრეზიდენტი ვლდიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრას კონფლიქტის ადგილას, დონბასის ნებისმიერ წერტილში სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Facebook-ზე გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ნორმანდიული ოთხეულის ( გერმანია, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი) შეხვედრისას ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების საკითხი განიხილეს. საუბარი ასევე "სიტუაციის მაქსიმალურად დანახვისა და გაგების" მიზნით ორი ქვეყნის ლიდერის გამყოფ ხაზის არეალში შეხვედრის შესაძლებლობას შეეხო.

"მე რა უნდა გავიგო? ყოველ თვე იქ ვარ. ბატონო პუტინო! მე შემიძლია უფრო შორსაც წავიდე და უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომი მიმდინარეობს, შეხვედრა შემოგთავაზოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უკრაინისა და რუსეთის წარსულთან და მომავალთან დაკავშირებით განსხვავებულ ხედვაზე განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს უნდა მიიღოს როგორც ახალი რეალობა: "უკრაინა და რუსეთი, მიუხედავად საერთო წარსულისა, სხვა და სხვანაირად უყურებს მომავალს. ჩვენ ჩვენ ვართ. თქვენ თქვენ. მაგრამ ეს მაინც და მაინც პრობლემა კი არა, ეს შესაძლებლობაა".

19 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა მოსკოვსა და კიევს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ნორმანდიული ფორმატი  უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის შესაფერის სივრცედ რჩება.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად დაიძაბა. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს მოუყარა თავი. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რასაც სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ-მა, NATO-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. ისინი პუტინს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system