თავში

ჟოზეპ ბორელი ევროკავშირს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ჟოზეპ ბორელი ევროკავშირს აქტიურობისკენ მოუწოდებს
ჟოზეპ ბორელი ევროკავშირს აქტიურობისკენ მოუწოდებს

16 თებერვალს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ New York Times იუწყება.

ევროპამ უნდა ისწავლოს ძალაუფლების ენაზე ლაპარაკი. ნაცვლად იმისა, რომ ვიძახოთ „შეშფოთებულნი ვართ“, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მოქმედება“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა, რომელიც 17 თებერვალს გაიმართება, დაგვანახებს, შეუძლია თუ არა ევროკავშირს რეალურად მოქმედება.

17 თებერვალს დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მთავარ განსახილველ საკითხს, სირიის კონფლიქტი და ლიბიაში არსებული ვითარება წარმოადგენს.

ბორელმა გამოთქვა პოზიცია, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით. ბორელი თვლის, რომ ბრიუსელმა უარი უნდა თქვას გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღების პრინციპზე.

ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთსულოვნების პრინციპი უარვყოთ. მაგალითად, თუ რაიმე საკითხს 25 ქვეყანა უჭერს მხარს, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

ამჟამად, ევროკავშირის მიერ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობით მიიღება, რაც საკითხის განხილვის გაჭიანურებას განაპირობებს. ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მუშაობის ტემპი არ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების სისწრაფეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system