თავში

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ხანგოშვილის მეორე მკვლელის ვინაობა დაადგინა

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ხანგოშვილის მეორე მკვლელის ვინაობა დაადგინა
ჟურნალისტურმა გამოძიებამ ხანგოშვილის მეორე მკვლელის ვინაობა დაადგინა

ინტერნეტგამოცემა The Insider-ისა და გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიებით, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პიროვნების ვინაობა დადგინდა. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი რომან დემიანჩენკოა. 

მოწმეების წყალობით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი დააკავეს, თუმცა მის სავარაუდო მოკავშირეს ამ დრომდე ეძებდნენ.

ხანგოშვილის მეორე მკვლელის კვალზე, გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური ოფისი სავარაუდოდ 2020 წლის ივნისში გავიდნენ. გამოცემა, Der Spiegel-მა, გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე რომან დ.-ია თუმცა, გამოძიება დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი არ იყო. 

2019 წლის 3 აგვისტოს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე რომან დ. ბელარუსიდან ყალბი სახელითა და პასპორტით პოლონეთში გადავიდა, საიდანაც 7 აგვისტოს გერმანიაში ჩავიდა. 

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პასპორტი, რომელიც რომან დ-მ  საზღვარზე წარადგინა,  რომან იურიევიჩ დავიდოვის სახელზეა გაცემული და მისი სერიის ნომერი ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის პასპორტის სერიულ ნომერს ემთხვევა. ორივე პასპორტის გაცემის თარიღები ასევე დაემთხვა. 

ინტერნეტ-პორტალი The Insider-ისა და გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ რომან "დავიდოვის" ნამდვილი სახელია რომან იურიევიჩ დემიანჩენკო. 

რომან დემიანჩენკო The Insider–ის ინფორმაციით, 1980 წლის 4 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა. 2011 წლამდე იგი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system