16 წლის ბიჭმა მამა შენიშვნის გამო მოკლა

საჩხერეში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ჭალაში, 16 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და სარდაფში დამალა.

როგორც დაკავებულის ბიცოლა აცხადებს, ბიჭმა მამის დამალვის შემდეგ გარდაცვლილის ძებნა დაიწყო და მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. მოგვიანებით კი გარდაცვლილის ცხედარი სარდაფში იპოვეს. 

ბებიის ინფორმაციით, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია.

"ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა სად იყო. მე ვიეჭვე, რაღაც არ იყო კარგად და ასე გავიგეთ, რომ მოკლა. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ყავდათ და ეცოდებოდა"- განაცხადა ციცინო კიპაროიძემ.

16 წლის ბიჭმა მამის მკვლელობა აღიარა. მოკლული, 51 წლის გელა კიპაროიძეა.

როგორც გაირკვა, დაკავებული ბიჭის ძმაც პატიმარია, ის სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.