თავდასხმა პოლიციელზე - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

"სამართალდამცველებმა  2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა", -აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.