2022 წელს ევროპა შესაძლოა გაზის გარეშე დარჩეს

2022 წელს ევროპა, შესაძლოა, პრაქტიკულად გაზის გარეშე დარჩეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანული ოპერატორების ასოციაციის (INES) ხელმძღვანელის სებასტიან ბლეშკეს განცხადებით,  ევროპაში გაზის საცავები საშუალოდ მხოლოდ 56%-ით არის სავსე. 

„ზამთრის ორი ყველაზე ცივი თვე გველის, არსებობს შეშფოთება, რომ ევროპას შესაძლოა გაზის მარაგი ამოიწუროს. საცავები მხოლოდ 56%-ით არის შევსებული, რაც 15 პროცენტზე მეტი პუნქტით დაბალია 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე“, - განმარტა ბლეშკემ.

მისი თქმით, რუსული გაზის ექსპორტის შემცირების შემთხვევაში, მარტის ბოლოსთვის მარაგი შეიძლება 15%-მდე შემცირდეს. 

INES-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კრიზისი შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთმა გაზის ტრანზიტი საკუთარი გაზსადენის  - "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ამოქმედების დაჩქარების მიზნით შეამცირა.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.