ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლოატაციაში 2022 წლის ბოლოს შევა

ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანადაა მიჩნეული ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, თუმცა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და, ექსპერტების შეფასებით, ამ დერეფნის სარგებლიანობას ამცირებს და საქართველოც კარგავს შემოსავალს.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, კონტრაქტორი კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში  2022 წლის ბოლოს შევა. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. დავით ფერაძის თქმით, ამ მაგისტრალზე მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა მშენებლობა დასრულდება და მაგისტრალი თავისი სარკინიგზო შემადგენლობით ყველა სტანდარტის სერტიფიკატს მიიღებს.

BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა. 

"თუ შევადარებთ 2020 წელს 2019-ს დაახლოებით, 116% იყო მატება და წლის ბოლოს ვგეგმვთ, არსებული ტვირთბრუნვის 2-ჯერ გაზრდას“, - ამბობს დავით ფერაძე და დასძენს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ გათვლებით ამ სარკინიგზო დერეფანში წლის ბოლოსთვის არსებული ტვირთბრუნვა გაორმაგდება. მისივე თქმით, სარკინიგზო ხაზის მიმართ მაღალი ინტერსია ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთების გადატანაზე, ასევე რუსეთიდან თურქეთის და ხმელთაშუა ზღვა - აფრიკის მიმართულებით. ფერაძის თქმით, დიდი მოთხოვნა ფიქსირდება თურქეთიდან ჩინეთის და რუსეთის მიმართულებით ტვრითებზეც.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით,  2020 წელი “საქართველოს რკინიგზამ" 11 მლნ ტონა ტვირთითა და 2%-იანი ზრდით დაასრულა. მისივე განმარტებით, რკინიგზით ტვირთბრუნვის ზრდა ადგილობრივი და ტრანზიტული ტვირთების ზრდის ხარჯზე შენარჩუნდა. დავით ფერაძე ამბობს, რომ გასულ წელს რკინიგზით საქართველო დერეფანში 5.5 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთი გადაიზიდა, ხოლო 2021 წელს ტვირთბრუნვის ზრდის ტრენდის შენარჩუნებას ელის. ფერაძე ვარაუდობს, რომ ზრდა 11 მლნ-დან 11.5 მლნ ტონამდე, დაახლოებით 3-4%-ის ფარგლებში, იქნება.

 „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუციელებელია დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყნის აქტიურობა.

„შუა დერეფანში ჩვენ ვართ ძალიან პატარა რკინიგზა, პატარა ქვეყანა. ჩვენი გაძლიერება, მაგალითად, ახალი ლოკომოტივის დამატება თუ პროცესების გამარტივება არ ქმნის ამინდს ამ დერეფანში. ეს უნდა იყოს სინქრონიზებული პროცესი. რთულია პატარა კომპანიიდან დიდ კომპანიებში პროცესების „დალაგება“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.