ბანკები გარანტიებს აძლიერებენ

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას სპეციალისტები სექტორის მხრიდან გარანტიების გაძლიერებას უკავშირებენ. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, გადახდისუნარიანობის კლებამ რისკები გაზარდა, რის გამოც ბანკები მკაცრ ზომებს იღებენ. 

,,ეპიდემიური სიტუაციაა, გადახდისუნარიანობა გაუარესდა და ასეთ დროს ბანკები აძლიერებენ გარანტიების გაძლიერებას, რომ რისკები შეამცირონ. ამაში იგულისხმება როგორ ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების ქონება, ყველა შეიძლება ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, ვისაც გადახდის პრობლემაა შეექმნა. თუმცა დასაკუთრებული ქონების წილი მაინც მცირეა. ინდივიდუალურად ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სტატისტიკისთვის  248 მილიონიანი ქონება მაღალი მაჩვენებელი არ არის. ბანკებს საერთოდ არ აინტერესებთ ქონების დასაკუთრება, ეს მათი ზედმეტი ტვირთია, გაცილებით ურჩევნიათ, უკან დაიბრუნონ გაცემული სესხები, ამიტომ თუკი დაინახავენ, რომ  კრედიტი რისკიანია და და მაინც უნდა გასცენ, ქონების უზრუნველყოფას მოითხოვენ. ცხადია, სჯობს, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ურისკო ან დაბალრისკიანი კრედიტების გაცემა, ვიდრე გარანტიები მოითხოვონ ქონების უზრუნველყოფით", - ამბობს თოქმაზიშვილი.

მისი თქმით, არასწორი მიდგომაა, როდესაც ხდება უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და შემდეგ ბანკის მიერ მისი გასხვისება, რაც ხშირ შემთხვევაში, კარტერული გარიგებაა, როცა ბანკები კაპიტალის დეფიციტის პირობებში საკუთარ წესებს აწესებენ. საბოლოო ჯამში, როგორც მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ბანკები მაინც დომინირებენ და ასეთ პირობებში ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესს ხელს ეშლება. 

ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 248.6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში.

მიმოხილვის თანახმად, წლიურ ჭრილში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 37.7 მლნ ლარით გაიზარდა. 2019 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 210.9 მლნ ლარი იყო.