Danfoss-ი საქართველოში ინჟინრების გადამზადებას დააფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დანიური კომპანია „Danfoss“-ი საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს.

მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს.

„Danfoss“-ი ცნობილი და ტრადიციული კომპანიაა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყვეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, „Danfoss“-ის საწარმოში დასაქმდნენ,“ – განმარტავს ნათია თურნავა და დასძენს, რომ საინჟინრო კადრების მომზადება – გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“-ის საწარმოებში გაიარონ.