ევროპაში გაზის ფასი 9%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის  ფასი 9%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  ცივი ზამთრის მოლოდინისა და "გაზპრომის" მიერ იამალი-ევროპის გაზსადენის ამოტუმბვის შემცირების ფონზე, საწვავი გაძვირდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ Intercontinental Exchange-ის მონაცემებიდან ირკვევა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.