გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია - ტარიფებზე მსჯელობა იწყება

ელქტროენერგიის ტარიფების დადგენაზე მსჯელობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) მომავალი კვირიდან დაიწყებს. სემეკმა უნდა დაადგინოს  ელექტროენერგიის 3-წლიანი ტარიფი როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის.

გადაწყვეტილებას სემეკი თვის ბოლომდე, საჯარო განხილვების შედეგად მიიღებს.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში report.ge-ს განუცხადეს, სემეკმა უკვე დაადგინა ქსელში დანაკარგების ნორმა, დამტკიცებულია საინვესტიციო გეგმა, ჩატარებულია მათი ხარჯების აუდიტი, რომლებსაც კომპანიებთან ერთად განიხილავენ და სემეკი ამ ნაწილშიც ელის გარკვეული თანხის დაწურვას, გამოთავისუფლებას.  ასე რომ, სემეკის განმარტებით, დენის ახალ ტარიფზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

მერეგულირებელმა ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს - სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებგვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ.

კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

ელექტროენერგიის გაძვირებას პროგნოზირებენ ენერგეტიკოსები. გია არაბიძე ვარაუდობს, რომ მომავალი წლიდან კომუნალური გადასახადები გაძვირდება. მისი თქმით, ცვლილება პირველ რიგში, დენის ტარიფს შეეხება, რომლის ზრდა გარდაუვალია, რადგან არსებული ტარიფი სექტორის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. არაბიძის განცხადებით, არსებული ტარიფი ვერც ინვესტიციებს იზიდავს და დამატებით ესეც შექმნის პრობლემას, რის გამოც სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევს. ენერგეტიკოსი ვარაუდობს, რომ სახელმიფოს სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება მოუწევს, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა არ დაუმძიმდეს. გია არაბიძის თქმით, მოსალოდნელია ტარიფის ზრდა წყალთან დაკავშირებითაც, რადგან წყლის გამანაწილებელ კომპანიებს ხარჯი გაეზრდებათ და ეს კომპონენტიც ტარიფით იქნება დაბალანსებული.

ცნობისთვის გაზის კომერციული ტარიფი თბილისში გაიზარდა.