ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია

"ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო." - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი OIV-ის გენერალურმა ასამბლეის გადაწყვეტილებას  OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში დაემატებინათ  ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო". დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო.

ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“.

„დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.

"აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება," - ამბობს დავითაშვილი. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გეოგრაფიულ აღნიშვნებს 2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით.

საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.

ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.